შეიძლება თქვენ ახლახანს გადახვედით ახალ სახლში და არ იცით, როგორ მოაწესრიგოთ ყველა ის ახალი ნივთი, რომელიც გაჩუქეს ან შეიძინეთ. ან შესაძლოა გადაწყვიტეთ, რომ სწორედ 2020 წელი უნდა იყოს ის წელი, როდესაც გარდერობს ბოლოს და ბოლოს საფუძვლიანად მოაწესრიგებთ. ან უბრალოდ, იქნებ ლამაზი ფოტოების თვალიერება გიყვართ, რომლებიც სახლის დალაგებას და ორგანიზებას ეხება. რა მოტივიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენი პროექტი – ორგანიზების 30 დღე – ნამდვილად გაგიტაცებთ!
გამოგვყევით Pinterest-ზე სპეციალურად შექმნილ დაფაზე: ორგანიზების 30 დღე
დღე #1: კიბე – როგორც ფეხსაცმლის სათავსო

თუ რემონტიდან ასეთი ხის კიბე შემოგრჩა, ნუ გადააგდებ! შეგიძლია ფეხსაცმლის საკიდად გადააკეთო. შენი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კოლექცია მშვენივრად მოთავსდება ზედ, ადვილი მოსაძებნი იქნება და თან ძალიან ცოტა ადგილსაც დაიკავებს.
როგორ გავაკეთოთ:
- თუ კიბე არ გაქვს, მაგრამ იდეა იმდნად მოგეწონა, რომ მაინც გინდა სცადო, შეგიძლია მსგავსი კიბე მშრალ ხიდზე ან ელიავაზე შეიძინო.
- მიაყუდე კიბე კედელთან და თითოეულ საფეხურზე შენი საყვარელი ფეხსაცმელები ჩამოკიდე.
ექსპერტული რჩევა: შეგიძლია კიბე ლამაზ ფერად შეღებო. ასევე სილამაზისთვის შეგიძლია სამკაულების საკიდადაც გამოიყენო – ეს თან გაალამაზებს.

დღე #2: მაკიაჟის ფუნჯების მოწესრიგება

იმის მაგივრად, რომ მაკიაჟის ფუნჯები კოსმეტიკის ჩანთაში ჩატენო, აჯობებს ყავით სავსე პატარა ქილებში ან ჭიქებში მოათავსო. ასე კოსმეტიკის ჩანთა არეული აღარ იქნება და თან საშუალება მოგეცემა შენი ფუნჯების კოლექცია ყველას დასანახად გამოფინო.
ყავის მარცვლები კი ოთახში სასიამოვნო სუნს დაატრიალებს და ამას გარდა სუნამოს შერჩევის დროს შეგიძლია ყნოსვის გამწმენდადაც გამოიყენო (ჰო, აბა, თქვენი აზრით რატომ დევს ყველა პარფიუმერიის მაღაზიაში ყავის მარცვლებით სავსე ჭიქა?).
როგორ გავაკეთოთ:
- ის ფუნჯბი, რომლებსაც აღარ ხმარობ – გადაყარე!!! რომლებსაც იყენებ – გარეცხე და გააშრე.
- გაავსე მომცრო თუნუქის ან ფაიფურის ქილა/ჭიქა ყავის მარცვლებით და შიგნით ჩაარჭვე მშრალი ფუნჯები.
ექსპერტული რჩევა: შეგიძლია ფუნჯები თემატურად სხვადასხვა ჭიქებში გაანაწილო. მაგალითად – პუდრის ფუნჯები, აილაინერის ფუნჯები, ტუჩის ხელსაწყოები.
დღე #3: უჩინარი თარო

თუ სათავსო სივრცე შენს სახლში შეზღუდულია, შეგიძლია მსგავსი წიგნების თარო გამოიყენო, რომლის საშუალებითაც უამრავ ადგილს მოიგებ და მასიური წიგნების თაროების ან კარადის დამონტაჟება აღარ მოგიწევს.
როგორ გავაკეთოთ: დაგჭირდება მაღალი “უჩინარი” წიგნების თაროები ან კარადა. შეგიძლია გამოიწერო Amazon-დანაც.
ძირითადად ცალკეულ თაროებს აღმოაჩენ, თუმცა ეს მშვენიერი მთლიანი თაროც მოიპოვება. დააკლიკე სურათზე:
ექსპერტული რჩევა: თუ სივრცის მოგებასთან ერთად ვიზუალურ ესთეტიკაც გაღელვებს, შეგიძლია შენი წიგნების თუ ჟურნალების კოლექცია ყდის ფერების მიხედვით დააჯგუფო. მაგალითად, წითლები და ვარდისფერები, ყვითლები და ნარინჯისფერები, მწვანე და ლურჯები.
დღე #4: უჯრების დალაგება

უჯრებში ათასი ხარახურა ერთმანეთში რომ არ აირიოს, სხვადასხვა ნივთებისთვის გამოიყენე ინდივიდუალური ყუთები.
მოიფიქრე სისტემა, რომელსაც კარგად მოირგებ: მაგალითად გაანაწილე ნივთები ფუნქციების ან ზომების მიხედვით.
როგორ გავაკეთოთ:
- იაფიან მაღაზიებში მოიკითხე ანტიკვარული ყუთები ან ძველი სიგარის კოლოფები.
- გაათავისუფლე უჯრები იმ ნივთებისგან, რომლებსაც აღარ იყენებ. შეინახე მხოლოდ ის, რაც საჭიროა.
- გაანაწილე გადარჩენილი ნივთები ყუთებში.
ექსპერტული რჩევა: თუ მაღაზიებში სიარულის დრო არ გაქვს, შეგიძლია Amazon-ს მიმართო. რამდენიმე ნივთი შენთვის ჩვენც მოვძებნეთ (რომელიც მოგეწონება, დააკლიკე):
თუ ხის გამყოფები ძვირად გეჩვენება, შეგიძლია ნაჭრისა შეიძინო:
თუმცა ტანსაცმლის დიდი უჯრების მოსაწესრიგებლად უფრო მომგებიან რამეს გირჩევთ (უბრალოდ ზომები კარგად გაითვალისწინეთ):
თუ ეს ყველაფერი მაინც გეძვირება, შეგიძლია იმ სხვადასხვა ცარიელი ყუთებით და კოლოფებით ისარგებლო, რომელიც სახლში ისედაც ყოველთვის მოიძებნება.
დღე #5: შექმენი მინი გარდერობი

თუ ტანსაცმლის კარადაში სივრცე არ გყოფნის, შეგიძლია ღია გარდერობი მოაწყო.
როგორ გავაკეთოთ: ამისთვის დაგჭირდება საკიდი, რომელიც შეგიძლია შეიძინო ადგილობრივ ავეჯის მაღაზიებში ან ამაზონზე.
მაგალითად, ეს ორივე მხრიდან ღია კონსტრუქცია ადვილად იშლება და სხვადასხვა ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე:
ეს კი ძალიან უბრალოდ, სულ რაღაც 15 დოლარიანი გადაწყვეტილებაა (სხვათაშორის, სიმაღლე სურვილისამებრ ეცვლება):
ექსპერტული რჩევა: თუ ისეთ ადგილას აპირებ მსგავსი კონსტრუქციის დადგმას, სადაც მას ყველა შენიშნავს, შეეცადე ყოველდღიურ ტანსაცმელთან ერთად ორიგინალური სამოსიც გამოფინო. :)
დღე #6: ფოტოები ფეხსაცმლის ყუთებზე

ფეხსაცმლის შესანახად ყველანი ვიყენებთ მათსავე ყუთებს, მაგრამ როცა ბევრი ყუთი ერთმანეთზეა შემოწყობილი, შეუძლებელია თითოეულში ჩაჭყეტის გარეშე მივხვდეთ, რომელი წყვილი დევს შიგნით.
როგორ გავაკეთოთ: გადაუღე ყველა წყვილს ინდივიდუალური ფოტო და დაბეჭდე. შემდეგ ყუთებზე მიაკარი.
თუ ფოტოების პროფესიონალურად დაბეჭდვა გეზარება ან გეძვირება, შეგიძლია უბრალოდ ფერად პრინტერზე ამობეჭდო. ბოლობოლო, შეგიძლია ყუთებს მარკერით უბრალო წარწერებიც გაუკეთო.
ექსპერტული რჩევა: ის ფეხსაცმელები, რომლებსაც უფრო ხშირად იყენებ, შედარებით ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსე. არასეზონური ფეხსაცმელები კი შეგიძლია ზედა თაროებზე ან ანტრესოლში შეალაგო.
დღე #7: კოლოფი ცელოფნის პარკებისთვის

ყოველი საყიდლებიდან დაბრუნების შემდეგ სახლში უამრავი ცარიელი ცელოფნის პარკი გროვდება. როგორც წესი, მათ ან ნაგავში ვყრით (გაუფრთხილდით გარემოს!!!) ან ნაგვის შესაგროვებლად ვიყენებთ და რომელიმე უჯრაში ვტენით.
ჩვენ უკეთესი იდეა გვაქვს!

როგორ გავაკეთოთ:
- თუკი ოდესმე იყიდით ხელსახოცებს, რომლებსაც საკუთარი ყუთი მოყვება, დაცარიელების შემდეგ ყუთს ნუ გადააგდებთ.
- ცარიელი პარკები გაკეცეთ და ისე დაალაგეთ, რომ წინა პარკის გაკეცილი ყურები მომდევნო პარკის ნაკეცში მოხვდეს.
- დაახვიეთ მიღებული ზოლი სურათზე აღნიშნული ისრის მიმართულებით და ჩაამაგრეთ როლი ხელსახოცების კოლოფში.

დღე #8: უკეთ გამოიყენე თაროები

წიგნების თაროები არა მხოლოდ წიგნების შესანახად გამოდგება. თანამედროვე დიზაინის თაროებზე შეგიძლია საყვარელი ნივთები და ფოტოსურათები გამოფინო.
ზოგიერთი მაგალითი:
1. კვადრატულ თაროიანი კარადა
ასეთ კვადრატულ კარადას შეგიძლია უამრავი ფუნქცია გამოუძებნო.
შეგიძლია მისთვის შეიძინო სპეციალური ფერადი ჩალის კალათები და გამოიყენო სხვადასხვა ნივთების ან პირსახოცების და თეთრეულის შესანახად.
თუ სახლში პატარა ბავშვია, შეგიძლია მისი სათამაშოები და ნივთები ამ კალათებში განათავსო.
მარჯვნივ განთავსებულ თეთრ კარადას ასევე შეგიძლია თაროები სხვადასხვა დონეზე დაუმაგრო და სურვილისამებს მოირგო: ზოგან კალათები შედგა, ზოგი კი წიგნებისა და ჟურნალებისთვის გამოიყენო.
2. კუთხის თაროები
თაროების მოწყობა შეიძლება ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ვერასდროს წარმოიდგენდით რამე ავეჯი ოდესმე თუ დაეტეოდა.
დღე #9: ძველი ჩემოდნების გამოყენება

ნუ გადააგდებ ისეთ საინტერესო ნივთს, როგორიცაა ბებიის ახალგაზრდობის დროინდელი ჩემოდნები. მათი გამოყენება სათავსოდაც შეიძლება, შემდეგ კი მათი ერთმანეთზე დაწყობით შეგიძლია ორიგინალური ტუმბოც კი შექმნა.
როგორ გავაკეთოთ:
- თუ იდეა მოგწონს, მაგრამ ჩემოდნები არ გაქვს, შეგიძლია მშრალ ხიდს მიმართო და რამდენიმე ძველი, თუმცა მოხდენილი ჩემოდანი შეიძინო.
- უბრალოდ დაალაგე ერთმანეთზე და გამოიყენე როგორც ტუმბო ან პატარა მაგიდა.
ექსპერტული რჩევა:
თუ ფულის დახარჯვა არ გენანება, თბილისში პეკინზე და ჭავჭავაძეზე არის მაღაზია (ფილიალებია), სადაც ასეთი ლამაზი ვინტაჟური ჩემოდნები და ყუთები იყიდება. შეგიძლია ამ მაღაზიებს მიკითხო.
დღე #10: თეთრეულის მოწესრიგება

პირსახოცების, ტილოების, თეთრეულის და სხვადასხვა სააბაზანო მარაგების გროვაში შეიძლება მარტივად ჩაიკარგო და ყველაფერი ერთ დიდ არეულ კარადად გადაიქცეს. გადაწყვეტილება – კალათების გამოყენებაა.
როგორ გავაკეთოთ:
- შეაგროვე სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა მოწნული კალათები.
- გამოჭერი ლამაზი მუყაოსგან მრგვალი იარლიყები.
- წააწერე ზედ კალათების დანიშნულება და ბაფთებით მიამაგრე კალათებზე.
ექსპერტული რჩევა: შეგიძლია კალათების ნაცვლად ტილოს ყუთებიც გამოიყენო.
დღე #11: აქსესუარები

არ გადაყარო ძველი ყინულის ფორმები. ისინი შეიძლება თმის აქსესუარებისა და ბიჟუტერიის შესანახად გამოდგეს.
როგორ გავაკეთოთ:
- შეაგროვე ყინულის ფორმები და მოათავსე რომელიმე უჯრაში.
- ყინულის თითოეულ ფორმაში შეგიძლია თმის რეზინები, წკაპები, “უჩინარი” სამაგრები ან სულაც ბეჭდები და წვრილ-წვრილი კულონები შეგიძლია ჩააწყო.
დღე #12: შინასამმართველო

გამოყავი სახლში პატარა “შინასამმართველო” კუთხე გადასახადების ქვითრების, წერილების, შეტყობინებების, ფოსტის და სხვადასხვა მასალის შესანახად. ამისათვის შეგიძლია გამოიყენო ყუთები, კალათები და საოფისე დაფები (ვაითბორდი და პინბორდი).
როგორ გავაკეთოთ:
- ყველაზე იაფად რაც კი ჩვენ შეგვხვედრია პინბორდები და ვაითბორდები “ფორმატში” იყიდება. თითოეული 20 ლარი ღირს. ვაითბორდს შეგიძლია ფერადი მარკერები და მაგნიტები დაუმატო, რაც კუთხეს გაახალისებს.
- გამოყავი სპეციალური ფოლდერები ან ფოლდერი-უჯრები ერთი სახის დოკუმენტებისთვის: გადასახადების ქვითრები, საფოსტო შეტყობინებები, გაზეთები ან სხვა.
- სასურველია აქვე მოაწყო პატარა კომოდი ან თარო გასაღებებისთვის და სხვა ისეთი ნივთებისთვის, რომლებიც სახლიდან გასვლის წინ გჭირდება.
- თუ შენი სახლისთვის და ყოველდღიურობისთვის მთელი თვის წინასწარ დაგეგმვა უჩვეულო არ არის, შესაძლებელია კალენდარ-ვაითბორდები გამოგადგეს, რომლის დიდი არჩევანიც ამაზონზე გვხვდება.

ექსპერტული რჩევა:
საუკეთესო ადგილი სახლის სამართავი კუთხის მოსაწყობად შემოსასვლელი ან სამზარეულოა. აქვე გაითვალისწინე და ნუ განათავსებ სერიოზულ დოკუმენტებს შემოსასვლელ კართან ახლოს ან ისეთ ხელმისაწვდომ ადგილას სადაც ყველა შემომსვლელის თვალი ხვდება.
სამედიცინო ისტორიების და დანიშნულებების, უძრავი ქონების დოკუმენტების, უნივერსიტეტის დიპლომების, პასპორტების და სხვა მსგავსი ოფიციალური ქაღალდების მოწესრიგების შესახებ ცალკე მომავალში ვისაუბრებთ.
დღე #13: საათი აბაზანაში

ორგანიზებულობა მხოლოდ სახლის ნაგვისგან გასუფთავებას არ გულისხმობს. ეს ასევე მოიცავს რეჟიმში ყოფნას.
ძალიან ადვილია დილით აბაზანაში შესვლისას დროის აღქმა დაგვეკარგოს, ამიტომ კარგი იქნება თუ სააბაზანო ოთახში საათს მოათავსებ.
როგორ გავაკეთოთ:
- დადგი პატარა საათი სააბაზანოში ისეთ ადგილას სადაც წყალი არ მოხვდება;
- თუ დასადგმელი ადგილი არ გაქვს, კედლის საათი შეიძინე.
დღე #14: საღებავის მოხუფვა

რემონტის მერე ხშირად რჩება საღებავი, რომლის შენახვა თავის ორიგინალ კონტეინერში ისე, რომ არ გაშრეს ცოტა რთულია. არადა შეიძლება მომავალში რომელიმე კედელზე პატარა მონაკვეთის გადაღებვა დაგვჭირდეს და ზუსტი ფერის საღებავი ვეღარ ვიშოვოთ.
ამისათვის ჩვეულებრივი ნახევარ ლიტრიანი ქილები, ხუფები და სახუფავი დაგჭირდება. ჩვენ გთავაზობთ, საღებავი მინის ქილებში გადაასხა და მურაბასავით მოხუფო. ხოლო თავად საღებავის მომყოლი დიდი მეტალის კონტეინერი ნაგავში მოისროლო.
თუ ხუფები და სახუფავი არ გაქვს, შეგიძლია საღებავი ჩვეულებრივ მაიონეზის ქილაშიც ჩაასხა, თუმცა გაითვალისწინე, რომ თავსახური ჰერმეტულად უნდა ეხურებოდეს.
დღე #15: სამკაულების დაფა

თუ შენი სამკაულების ყუთი გადავსებულია ყელსაბამებით და ისინი მუდამ ერთმანეთში იხლართება, შეგიძლია კედელზე კორპის დაფა ჩამოკიდო და შენი სამკაულები ზედ მიამაგრო.
როგორ გავაკეთოთ:
- მოაგროვე – კორპის დაფა (ყველაზე იაფად – 20 ლარად – ჩვენ შეგვხვდა “ფორმატში“), სტეპლერის თოფი და სასურველი ქსოვილი.
- გამოჭერი ქსოვილი დაფის ზომაზე და თუ საჭიროა, გააუთოვე.
- გადააკარი ქსოვილი დაფას და სტეპლერით დაამაგრე.
- ასევე შეგიძლია კიდეებში ბაფთის ჩარჩო შემოაყოლო.
ექსპერტული რჩევა: ძვირიანი კაუჭების ყიდვით თავს ნუ შეიწუხებ, გამჭვირვალე ჭიკარტები მშვენივრად იმუშავებს.
დღე #16: ფერადი გასაღებები

თუ შენს აცმაზე ბევრი გასაღები კიდია და ყოველთვის ეძებ საჭირო მათგანს, შეგიძლია ფერების მიხედვით გაარჩიო. საღებავად კი ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაკი გამოიყენო.
როგორ გავაკეთოთ:
- აარჩიე 3-4 სხვადასხვა ფერი და მიანიჭე ნიშვნელობა. მაგალითად: მწვანე – სახლის, წითელი – სარდაფის, ლურჯი – გარაჟის და ა.შ..
- მოხსენი გასაღებები აცმიდან და დაალაგე გაზეთზე ან ქაღალდის პირსახოცზე.
- თითოეული გასაღების ზედა ნაწილი შესაბამის ფერად შეღებე ან საღებავის მხოლოდ ერთი ზოლი დააყოლე (გასაღების პირს ფორმა რომ არ შეეცვალოს).
ექსპერტული რჩევა: დააცადე კარგად გაშრობა, თორემ შეიძლება გასაღებები ერთმანეთს შეეწებოს.
დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნები

თუ გენერალური დალაგებისთვის დრო არ გაქვს, სახლში შექმნილი არეულ-დარეულობა შეგიძლია თუნუქის ან თიხის ქოთნებში მიმალო. სტრატეგიუილ ადგილებში მათი განთავსება სახლს ერთი-ორად გაახალისებს.
შეგიძლია ქოთნები შემოდგა წიგნების თაროებზე და კომოდებზე. შიგ კი სხვადასხვა თვალში მოხვედრილი ნივთები ჩაყარო, მაგალითად ტელეფონის დამტენები, ტელევიზორის პულტები და სხვა…
დღე #18: ჩექმის ყელი

კარადაში შელაგებულ ჩექმებს ფორმა რომ არ დაეკარგოთ, შეგიძლია შიგ დახვეული ძველი ჟურნალები ჩატენო. რაც უფრო სქელია ჟურნალი, მით უფრო კარგად დაიჭერს ჩექმის ყელს, ამიტომ ჯობია პრიალა ჟურნალები გამოიყენო.
დღე #19: გასაღებების სათავსო

თუ გასაღებები ყოველთვის გეკარგება, ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალური სივრცე უნდა შექმნა. შემოსასვლელ კარებთან მდგომ რომელიმე ტუმბოზე პატარა ლანგარი ან ლამბაქი დადე, სადაც შემოსვლისთანავე დადებ გასაღებებს, სათვალეს და მოყოლილ ხურდა ფულს.
ექსპერტული რჩევა: ჩვენ უკვე ზემოთ ვისაუბრეთ შინასამმართველო კუთხის შექმნაზე. შეგიძლია გასაღებების სათავსო სწორედ ამ კუთხეში მოაწყო.
დღე #20: ჩანთების კაუჭი

გარდერობში თაროების და სხვა ჰორიზონტალური სივრცის დასაზოგად, შეგიძლია ჩანთები კედელზე ან გარდერობის შიდა კედელზე მიმაგრებულ ზიგზაგურ კაუჭებზე ჩამოკიდო.
ექსპერტული რჩევა: ასეთი ტიპის კაუჭები აბაზანისთვისაც გამოდგება. კაუჭები შეგიძლია სააბაზანოში შესასვლელ კარებზე მიამაგრო და პირსახოცების საკიდად გამოიყენო.
დღე #21: თეთრეულის კომპლექტი

თეთრეულის კარადის მოწესრიგება ამ მარტივი რჩევის მიხედვით შეგიძლია. ამიერიდან ერთი კომპლექტაციის ლოგინის თეთრეულის შემადგენელი ნაწილების ძებნა აღარ მოგიწევს.
როგორ გავაკეთოთ:
- ბალიშის პირი და ზეწარი საბნის პირში ჩაკეცე ისე, რომ კარადიდან გამოღებისას ყველაფერი ერთმანეთს გამოყვეს.
ექსპერტული რჩევა: თუ შენი თეთრეულის კარადაში პირსახოცების კომპლექტებიც მოიძებნება, ისინიც შეგიძლია ამ წესის მიხედვით მოაწესრიგო.
დღე #22: საყურეების ფუტლიარი

კონტაქტური ლინზების შესანახი ყუთი საუკეთესოა მგზავრობის დროს პატარა საყურეების შესანახად.
ექსპერტული რჩევა: თუ კონტაქტურ ლინზებს არ ხმარობ, ცარიელი წამლის ფლაკონიც გამოდგება.
დღე #23: ორმაგი დატვირთვის ავეჯი

სივრცის დაზოგვა ისეთი ავეჯით შეგიძლიათ, რომელიც ორმაგ სამუშაოს ასრულებს. მაგალითად ლამაზ ნაჭერ გადაფარებული ტელევიზორის მაგიდა შეიძლება ზედმეტი წიგნების, ჟურნალების და DVD-ების შესანახად გამოიყენო.
- ჩვეულებრივ წიგნების თაროს შეუკერე ლამაზი გადასაფარებელი
- ზედმეტი ნივთები შიგნით შეაწყვე და გადასაფარებელი ჩამოაფარე, რომ ტელევიზორის ყურებისას ყურადღება არ გაგიფანტოს.
ექსპერტული რჩევა: გამოიყენე ყუთები, კალათები და სხვა შესანახი კონტეინერები მაგიდის ქვეშ ნივთების მაქსიმალურად მოსაწესრიგებლად.
დღე #24: ჯინსების ორგანიზება

თუ ჯინსები საძინებლის იატაკზე გიყრია, გამოყავი 15 წუთი და შემდეგნაირად მოიქეცი.
- მოძებნე ხის კვადრატული ყუთი, რომელიც შენი გარდერობის ზედა თაროზე თავისუფლად შეეტევა
- დაიწყე ჯინზების დახვევა წელის მხრიდან, ასე დახვეული ჯინსები ვიზუალურად უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე დაკეცილი.
- დააჯგუფე ფერების და სტილის მიხედვით.
ექპერტული რჩევა: ის ჯინსები, რომლებსაც ნაკლებად იყენებ, ქვედა მხარეს მოათავსე, რათა ხშირად გამოყენებადი ჯინსი ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.
დღე #25: სამკაულების უჯრა

თუ თქვენი სამკაული მთელს საძინებელშია გაფანტული, ის დროა სპეციალური უჯრა მოაწყოთ, სადაც ყველა ტიპის სამკაული ორგანიზებულად იქნება ჩაწყობილი.
როგორ გავაკეთოთ: შეგიძლიათ ასეთი უჯრა შეუკვეთოთ ან იყიდოთ სპეციალური გამყოფები. მოათავსეთ გამყოფები ან ყუთები უჯრაში და გაანაწილეთ თქვენი სამკაული საჭიროებისამებრ.
ექსპერტული რჩევა: უჯრის ფსკერზე შეგიძლიათ ფერად ორნამენტიანი ქაღალდი ან ქსოვილი ჩააფინოთ. თუმცა წებოთი ნუ მიაწებებთ, ჯობია ორმაგი სკოჩი გამოიყენოთ, იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში ორნამენი მოგბეზრდებათ.
დღე #26: ფარდის შესაკრავი

თუ თქვენს სამკაულების უჯრაში მოიძებნება ამ ტიპის სამაჯურები, რომლებსაც არ ხმარობთ, შეგიძლიათ ისინი ფარდების სამაგრებად გამოიყენოთ.

თუ ეს იდეა მოგეწონებათ, შეგიძლიათ იაფფასიანი სამაჯურები ამაზონზე ამ ლინკზე შეიძინოთ. ასე შეძლებთ ერთი ფანჯრისთვის ორი ერთნაირი სამაჯურის შერჩევას და ფერების შეხამებას.
ფასები 1 ცენტიდან იწყება!
დღე #27: საუთოებელი მაგიდა

თუ სახლში ცოტა ადგილი გაქვს, შეგიძლია უცნაური ფორმის ნივთები – მაგალითად საუთოებელი მაგიდა – საკუჭნაოში კარებზე ჩამოკიდო. ეს მარტივია, მხოლოდ რამდენიმე კაუჭის მიმაგრებაა საჭირო.
დღე #28: სარეცხის კუთხე

სააბაზანოში (ან თუ სარეცხის საკუჭნაო ცალკე გაქვთ) ულამაზო ღია თაროები შეგიძლიათ ბამბუკის ჟალუზით დაფაროთ. სარეცხის ჩასაყრელად კი უმჯობესია ბამბუკის კალათები გამოიყენოთ. ასე უფრო ლამაზია.
დღე #29: სამახსოვრო ფოტოების და ნახატების შენახვა

არეულ-დარეულობის თავიდან ასაცილებლად ნახატები, ბილეთები და სხვა მემორაბილია შეგიძლია ჩარჩოში ჩასვა, ყველაფრის ყუთებში და უჯრებში ერთად შენახვის მაგივრად.
თუ ყველაფრის მოჩარჩოებას ვერ შეძლებ, შეგიძლია ნახატები დაასკანერო, ან ფოტოები გადაუღო და კომპიუტერში შეინახო.
თუ ორიგინალებთან განშორება მაინც გენანება, შეგიძლია პატარა ბაინდერებში, ფოტოალბომებში ან სკრეპბუქებში ჩააკრა და საიმედო ადგილას შეინახო.
დღე #30: მოაწესრიგე სამზარეულოს თაროები

სამზარეულოს თაროებზე ნივთებს თუ ადვილად ვერ წვდები ხოლმე, დაამაგრე ამგვარი მგორავი თაროები, რომლის გამოღებაც ადვილად შეგეძლება. ასე სივრცეს უფრო ეფექტურად გამოიყენებ.
როგორ გავაკეთოთ: ამისათვის სპეციალური სლაიდერი თაროების შეძენა დაგჭირდება, რომლებსაც ელიავაზე ან ამაზონზეც იპოვი.
ექსპერტული რჩევა: დააჯგუფე ნივთები დანიშნულების მიხედვით. მაგალითად, ყავის ჭიქები საუზმის ჯამებთან ხოლო სადილის მოსამზადებელი ქვაბები – ბოსტნეულის სახეხთან ერთად.